27 და 28 ნოემბერს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ეგიდით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ინიციატივით, ოზურგეთსა და ჭიათურაში ტრენინგი „მამაკაცური საუბრები“ ჩატარდა.
27 ნოემბერს, ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან თანამშრომლობით გამართულ ტრენინგს 15 მამაკაცი დაესწრო. ხოლო, 28 ნოემბერს ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელთან პარტნიორობით განხორციელებულ ტრენინგზე 12 მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა.
ტრენინგ-მოდული “მამაკაცური საუბრები” საერთაშორისო ორგანიზაციასთან, Promundo US-თან პარტნიორობით მომზადდა, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას და კვლევით მონაცემებს. მოდულის ადაპტირება, საქართველოს კულტურულ-სოციალური ასპექტების გათვალისწინებით, ადგილობრივმა ფასილიტატორებმა განახორციელეს. შეხვედრაზე ფასილიტატორები და მონაწილეები ისაუბრებენ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა ოჯახში საქმეების თანაბარი გადანაწილება, შვილების აღზრდასა და მოვლაში თანაბარი ჩართულობა, ოჯახის წევრებზე ზრუნვა, ძალადობის ელემენტების ამოცნობა და მათი გამოაშკარავება. ტრენინგ მოდული მოიცავს ინტერაქტიულ სავარჯიშოს, ვიზუალურ სასწავლო მასალას და ეფუძნება არაფორმალური განათლების პრინციპებს.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ აჩვენა, რომ საქართველოში გენდერული როლები კვლავ არათანაბრადაა გადანაწილებული. კაცების 60% და ქალების 38% მიიჩნევს, რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა და არა პროფესიული კარიერის განვითარება. დედების 47% და მამების 58% ამბობს, რომ თანაბარ დროს უთმობენ ბავშვთან თამაშს, თუმცა მამებს არ აქვთ განსაზღვრული როლი ბავშვზე ზრუნვაში. დედების 78% და მამების 76% ამბობს, რომ საფენს/ტანსაცმელს დედა უცვლის.
არსებული მდგომარეობის გათვალიწინებით და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ცნობიერების ასამაღლებლად და საზოგადოებრივი დისკუსიის ხელშეწყობისთვის, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა, პარტნიორ ორგანიზაცია “Care Together”-თან თანამშრომლებით, 2016 წლიდან დაიწყო ერთდღიანი ტრენინგ-მოდულის, “მამაკაცური საუბრების” განხორციელება თბილისში, კახეთში და სამეგრელოში. 2020 წელს რეგიონების ჩამონათვალს გურია და იმერეთი შეუერთდა. 2021 წლიდან ევროკავშირის მხარდაჭერით, „მამაკაცური“ საუბრები“ ტარდება ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.
„მამაკაცური საუბრები“ იმერეთისა და გურიის რეგიონებში იმართება პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.