2021 წელს, კამპანიის კაცები ზრუნავენ მიერ, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით, საქართველოში პირველი მამების სკოლა გაიხსნა.
სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. “მამების სკოლის” პროგრამა ასევე ეხმარება კაცებს, მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობის შესახებ და ასევე იმ სტერეოტიპების და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც რეალური თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს.
სკოლის სამიზნე აუდიტორიას ის კაცები წარმოადგენენ, ვინც ახლო მომავალში გეგმავს მამობას, ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას, ან ახალბედა ბავშვის მამაა. სკოლაში სწავლა უფასოა და დაინტერესებულ მამებს მონაწილეობა ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით შეუძლიათ.
„მამების სკოლა“ რვა ძირითადად სესიას მოიცავს. თითოეული სესიის ხანგრძლივობა ორი საათია. საგანგებოდ შემუშავებული მოდულის საშუალებით, მამები მიიღებენ ცოდნასა და ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:
- როგორ შევარჩიოთ შვილის ყოლისთვის სასურველი დრო;
- როგორ დავუჭიროთ მხარი პარტნიორს ორსულობისა და ბავშვის დაბადების დროს;
- როგორ გავინაწილოთ საოჯახო შრომა;
- როგორ ავარჩიოთ ბავშვის აღზრდის მეთოდები;
- როგორ დავიცვათ შვილი ძალადობისგან;
- როგორ შევინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში;
- რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორი პარტნიორობა.
მამების სკოლა დაფუძნდა პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული ნორმების დაძლევას, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას ქალებისა და კაცებისთვის და კაცების აქტიურ მონაწილეობას გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში.