უკან

< უკან

საქართველოში პირველი მამების სკოლა გაიხსნა

16/05/2021

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, საქართველოში პირველად,  „მამების სკოლა“ გაიხსნა. 

სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. “მამების სკოლის” პროგრამა ასევე დაეხმარება კაცებს, მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობის შესახებ და ასევე იმ სტერეოტიპების და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც რეალური თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს. 

სკოლის სამიზნე აუდიტორიას ის კაცები წარმოადგენენ, ვინც ახლო მომავალში გეგმავს მამობას, ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას, ან სამ წლამდე ბავშვის მამაა. სკოლაში სწავლა უფასოა და დაინტერესებული მამები მონაწილეობას ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით შეძლებენ.

„მამების სკოლის“ ერთ-ერთი პირველი პარტნიორი თბილისში „გაგუას კლინიკაა“. UNFPA-სა და კლინიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 15 მაისს მოეწერა. 

„მამების სკოლა“ რვა ძირითადად სესიას მოიცავს. თითოეული სესიის     ხანგრძლივობა ორი საათია. საგანგებოდ შემუშავებული მოდულის საშუალებით, მამები მიიღებენ ცოდნასა და ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:

  • როგორ შევარჩიოთ შვილის ყოლისთვის სასურველი დრო;
  • როგორ დავუჭიროთ მხარი პარტნიორს ორსულობისა და ბავშვის დაბადების დროს;
  • როგორ გავინაწილოთ  საოჯახო შრომა;
  • როგორ ავარჩიოთ ბავშვის აღზრდის მეთოდები;
  • როგორ დავიცვათ შვილი ძალადობისგან;
  • როგორ შევინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში;
  • რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორი პარტნიორობა.

ასევე, „მამების სკოლის“ ფარგლებში დაგეგმილია დისტანციური შეხვედრები პროფესიონალებთან, რომლებიც ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიურად არიან ჩართული. სკოლაში ჩართულ მამებს საშუალება ექნებათ კითხვები დაუსვან პედიატრებს, გინეკოლოგებს, ბავშვთა ფსიქოლოგებს, და სხვა შესაბამისი დარგის სპეციალისტებს.

“გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი, უკვე მრავალი წელია, აქტიურად მუშაობს, რათა ჩვენს ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტი მამა იყოს აქტიურად ჩართული შვილების აღზრდაში. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცები თანაბრად ინაწილებდნენ ბავშვზე ზრუნვისა და საოჯახო საქმის პასუხისმგებლობას, რადგან ჰარმონიული საზოგადოების შექმნის საფუძველი სწორედ ასეთი ცვლილებებია, ცვლილებები, რომელიც ადამიანებს საზიანო სოციალური ნორმებისგან და სტერეოტიპებისგან ათავისუფლებს.”- ლელა ბაქრაძე, UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

“ჩვენმა გამოცდილებამ ნათლად დაგვნახა, თუ რამდენად პოზიტიურ გავლენას ახდენს მამების ჩართულობა ანტენატალურ მეთვალყურეობასა და მშობიარობის პროცესში და როგორ აისახება გართულებების სიხშირეზე. გაგუას კლინიკა გახდა პარტნიორი აღნიშნული პროექტის, რომელიც გაზრდის მამების ჩართულობას, ხელს შეუწყობს სოციალურ ცვლილებას და გაუადვილებს ოჯახებს ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის გავლას.” – დავით გაგუა, გაგუას კლინიკის გენერალური დირექტორი.

შვილებზე ზრუნვასა და აღზრდაში მამების აქტიური ჩართულობის სარგებელი არაერთი კვლევითაა დამტკიცებული: ამ დროს ბავშვები გაცილებით ბედნიერები არიან, გამოირჩევიან ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობით, მაღალი აკადემიური მიღწევებით, უკეთესი სოციალური უნარებით, მაღალი თვითშეფასებით, ნაკლები ქცევითი პრობლემებითა და სტრესისადმი გაზრდილი მედეგობით.

“ჩემი აზრით მამების სკოლის გახსნა უმნიშვნელოვანესი სიახლეა საქართველოსთვის, აქამდე ასეთი ინიციატივა არ არსებობდა, შესაბამისად ვფიქრობ რომ სკოლა ძალიან დაეხმარება მამებს კიდევ უფრო დიდი ზრუნვა გამოიჩინონ თავიანთი ორსული პარტნიორების მიმართ და ასევე მომზადებული შეხვდნენ შვილის დაბადებას.“ – მირიან ჯუღელი, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ თანადამფუძნებელი.

„მამების სკოლა“ დაფუძნდა პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული ნორმების დაძლევას, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას ქალებისა და მამაკაცებისთვის და კაცების აქტიურ მონაწილეობას გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში.

გამოგვყევი

სხვა სიახლეები