გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ ინიციტივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, ცნობილი ფეხბურთელი გურამ კაშია სამეგრელოში, სოფელ ხეთაში მოზარდებს შეხვდა და მათთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა თანასწორობა, ტოლერანტობა, არაძალადობრივი ურთიერთობები და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა და საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი. დისკუსიას უძღვებოდა ტელეწამყვანი და მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ბავშვებთან. სასიამოვნო იყო მათთან საუბარი ფეხბურთზე, თანასწორობაზე… ფეხბურთი ყველასია: დიდის, პატარის, კაცის, ქალის. ქალთა ფეხბურთი ძალიან ვითარდება. იმ ქვეყნებში, სადაც მე მიცხოვრია – ჰოლანდიასა და ამერიკაში ეს სპორტი ძალიან პოპულარულია ქალებშიც და მინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა გოგომ ითამაშოს ფეხბურთი საქართველოში,“ – განაცხადა გურამ კაშიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ღონისძიება გაიმართა სოფელ ხეთას სტადიონზე, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ, 2020 წელს, სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში აღდგა. შეხვედრას ესწრებოდნენ ხეთას ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის ასაკობრივი გუნდების და ხობის „კოლხეთის“ გოგოების გუნდის ფეხბურთელები.
„ფეხბურთი მართლაც განსაკუთრებული სპორტის სახეობაა, რომელსაც ძალიან ბევრი მიმდევარი ყავს და რაც მთავარია, ავითარებს გუნდურობას. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისა, რომ ფეხბურთის მეშვეობით ვისაუბროთ თანასწორობაზე. გასათვალისწინებელია ის, რომ დღეს ქალთა ფეხბურთი ძალას იკრებს საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ანგრევს სტერეოტიპებს – არ არსებობს სპორტის ისეთი სახეობა, რომელშიც გოგოებს არ შეუძლიათ ჩაერთონ. ვფიქრობ, ეს ძალიან ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეგვიძლია ნაბიჯ-ნაბიჯ დავანგრიოთ არსებული სტერეოტიპები, რაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მომავალი თაობის განვითარებას უწყობს ხელს.“- აღნიშნა UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.
“დღეს გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად ვიმყოფებით ხეთაში. ეს არის ერთ-ერთი ძლიერი საფეხბურთო კერა სამეგრელოს რეგიონში. ჩვენ აქ ერთობლივად გავმართეთ დისკუსია ისეთ სხვადასხვა საკითხზე, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მარტო ფეხბურთელის განვითარებისთვის, არამედ ზოგადად, მოზარდების განვითარებისა და მომავალი თაობების სწორად აღზრდისთვის“ – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავა.
გაეროს მოსახლეობის ფონდს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივს“ შორის უკვე მრავალწლიანი თანამშრომლობა არსებობს, რომლის ფარგლებშიც ფეხბურთელები აქტიურ მონაწილეობას იღებენ UNFPA-ს ისეთ აქტივობებში, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანაწორობის იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, და გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცების ჩართულობის გაზრდას კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში.
თანამშრომლობა ითვალისწინებს ფეხბურთში გოგოების მონაწილეობის წახალისებას, სპორტში თანასწორობის დამკვიდრების ხელშეწყობას და მოზარდი გოგოებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. ასევე, მწვრთნელებისთვის, მსაჯებისა და მოთამაშეებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას UNFPA-ს მიერ დანერგილი და აპრობირებული მეთოდოლოგიების გამოყენებით, მათი გენდერული სენსიტიურობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების გზით.